სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი

პროექტის შესახებ

„ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი” არეგულირებს ფერმათა/ფერმერთა ერთიანი რეესტრის სისტემას, რითაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაცია. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.  პროექტის მოკლევადიანი მიზნის მიღწევა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.

მიზნები

  • მოკლევადიანი მიზანი - „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დაახლოებით 100 000 -მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაცია;
  • გრძელვადიანი მიზანი - აღრიცხულ იქნეს საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა პირი (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე), რაც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს ფლობდეს მათ შორის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც გამოყენებული იქნება სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისათვის და მათთვის სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტების/პროგრამების საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ამოცანები

  • სასოფლო-სამურნეო საქმიანობით დაკავებული იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთა შესახებ პირველადი ინფორმაციის მოძიება ხდება სხვადასხვა სახელმწიფოს უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული იდენტიფიცირებული პირების და მათი საქმიანობის შესახებ მოძიებული პირველადი ინფორმაციის სისტემატიზაცია, კლასიფიკაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანა;
  • ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანილი პირველადი ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტით“ დადგენილი წესის შესაბამისად;
  • ელექტრონული, დინამიური და ინტერაქტიული სისტემის შექმნა.

1. ფერმათა/ფერმერთა რეესტრში შესატანი პირველადი ინფორმაცია და მიმწოდებელი მხარეები

პროექტის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უნდა უზრუნველყონ სხვადასხვა სახელმწიფოს უწყებებმა და ორგანიზაციებმა.

2. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების კლასიფიკაცია და მოკლევადიანი მიზნის მიღწევის პირობა

2.1. 1-ლი პუნქტით განსაზღვრული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრომ, მის მიერ შემუშავებული და დანერგილი ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების შესახებ მონაცემების საკუთარ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში თავმოყრას, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო;

2.2. სააგენტოს ეძლევა წვდომა პროექტის მე-2 პუნქტის  2.1. ქვეპუნქტში მითითებულ მონაცემთა ბაზაზე, რათა განახორციელოს იდენტიფიცირებული პირების გადამოწმება;

2.3. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელ პირთა პერსონალური მონაცემების (კერძოდ, პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი, სქესი) ვერიფიკაციის მიზნით, სააგენტო გამოითხოვს და დაამუშავებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ ამ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას;

2.4. იმ გადამოწმებულ პირებთან შემდგომი კომუნიკაცია, რომელთა პერსონალური მონაცემები დამუშავებულია ამ მუხლის 2.3. ქვეპუნქტის მიხედვით ხორციელდება სააგენტოს მიერ სატელეფონო გამოკითხვის გზით. სატელეფონო გამოკითხვის შესახებ დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო;

2.5. პროექტის მოკლევადიანი მიზნის მისაღწევად, სააგენტოს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის გზით, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან/და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული  რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.

3. ფერმათა/ფერმერთა რეესტრში ფერმის/ფერმერთა რეგისტრირების მეთოდები

3.1. სააგენტოს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვით - მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად;

3.2. რეგისტრირების მსურველი პირის მიერ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებისთვის მიმართვის გზით - გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად.

4. მონიტორინგი

4.1. პროექტის ფარგლებში სატელეფონო გამოკითხვის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. მონიტორინგის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო;

4.2. მონიტორინგის მიზნებისთვის განხორციელდება სატელეფონო საუბრების ჩაწერა. სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შენახვის ვადას განსაზღვრავს სააგენტო;

4.3. მონიტორინგის დეტალური პროცედურა დამტკიცდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. სატელეფონო ზარის განხორციელების ზოგადი წესები

5.1. კონკრეტულ დღეს დასარეკი სატელეფონო ნომრების არჩევა ხორციელდება ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან, რომლებიც ნაწილდება პროგრამულად და ოპერატორი ირჩევს სატელეფონო ნომრებს რიგითობის მიხედვით;

5.2. სატელეფონო ზარზე პასუხის შემდგომ ოპერატორი გადადის ფერმერის პირად ინფორმაციაზე (ანკეტა), რომელიც ასახულია ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში;

5.3. ფერმერის თანხმობის შემდგომ, ოპერატორი გადადის  ანკეტაში არსებულ პირად  ინფორმაციაზე;

5.4. „ანკეტაში“ ავტომატურად ივსება შემდეგი ველები: სახელი, გვარი, პ/ნ, ქალაქი/რეგიონი/მუნიციპალიტეტი/რაიონი/თემი/სოფელი/საკადასტრო კოდი/პროექტი/სერვისი;

5.5. ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ფერმერის ანკეტა, რომელიც მოიცავს სააგენტოს  მიერ წინასწარ  შემუშავებულ სტანდარტულ კითხვარს;

5.6. ანკეტის შევსების შემთხვევაში, როდესაც ოპერატორი სრულად იღებს ინფორმაციას ფერმერისგან ანკეტაში ივსება აუციელებელი ველები და სხვა დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სატელეფონო საუბრის დასრულების შემდგომ ოპერატორი ანკეტას ანიჭებს სტატუსს „დასრულება“.

˃ იმ შემთხვევაში, თუ საკითხი საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის მოძიება/მოკვლევას, ან/და ფერმერს დამატებით მოსაწოდებელი აქვს  ინფორმაცია, რომელიც უნდა აისახოს ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (ფერმერის ანკეტა), ასეთ შემთხვევაში ოპერატორი ანიჭებს ანკეტას სტატუსს „შუალედური“, რაც გულისხმობს, რომ ინტერვიუ არ არის სრული და საჭიროებს განმეორებით დაკავშირებას;

˃ იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხორციელდება ფერმერის პირადი ინფორმაციის შევსება ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (მაგ: ფერმერი გარდაცვლილია, არ სურს რეგისტრაცია, სატელეფონო ნომერი არასწორია), ასეთ შემთხვევაში ოპერატორი ნაცვლად ღილაკისა „დასრულება“ ირჩევს ანკეტის სტატუსს „უარყოფილი“ და ხურავს ანკეტას წესების დაცვით;

˃ იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი ვერ უკავშირდება ფერმერს (მაგ: სატელეფონო ნომერი არ პასუხობს, სატელეფონო ნომერი მიუწვდომელია), ოპერატორი პროგრამულად ახორციელებს შესაბამისი ღილაკის მონიშვნას „არ პასუხობს“ ან/და „ნომერი მიუწვდომელია“, რაც შემდგომში აისახება პროგრამულად კავშირის პრობლემაში;

5.7. თითოეულ ანკეტას ენიჭება უნიკალური კოდი (ID).

  1. ტერმინთა განმარტებები

6.1. სატელეფონო ნომერი/თარიღი - ფერმერის სატელეფონო ნომერი და თარიღი, რომელიც ავტომატურად (პროგრამულად) ფიქსირდება  ფერმათა/ფერმერთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში;

6.2. ფერმერის პირადი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ქალაქი/რეგიონი/მუნიციპალიტეტი/რაიონი/თემი/სოფელი/საკადასტრო კოდი/ფართობი/მიწის სტატუსი/;

6.3. ანკეტა - ფერმერის  პირადი ინფორმაცია, რომელიც  ივსება ოპერატორის  მიერ.

6.4. ანკეტის შინაარსი - სატელეფონო ზარის შინაარსი უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას, რომელიც სიზუსტით უნდა იყოს ასახული ფერმათა/ფერმერთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში;

6.5. ანკეტის სტატუსის განსაზღვრა - შევსებული ანკეტების პროგრამული დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით:

˃ დასრულებული - ფერმერის ანკეტა, რომელიც   შევსებულია/სრულყოფილია  და  დასრულებულია.

˃ შუალედური - ანკეტა, რომელიც საჭიროებს რეაგირებას და განმეორებით სატელეფონო ზარის განხორციელებას ფერმერთან დამატებითი  ინფორმაციის მიღების  თვალსაზრისით;

˃ ვადაგადაცილებული - სტატუსი, რომელიც ენიჭება შუალედურ ანკეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკეტის სტატუსის ხანგრძლივობა აღემატება 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეს, ენიჭება დამატებითი სტატუსი „ვადაგადაცილებული“;

˃ უარყოფილი - ანკეტა, რომელზეც ვერ ხორციელდება ინფორმაციის მიღება/ანკეტის შევსება (მაგ: ფერმერი გარდაცვლილია ან/და არ სურს ფერმათა/ფერმერთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია);

˃ კავშირის პრობლემა - საკითხი, როდესაც ოპერატორი უკავშირდება ფერმერს  და მისი სატელეფონო ნომერი არ პასუხობს ან/და სატელეფონო ნომერი მიუწვდომელია.