აგროდაზღვევა
პროექტის შესახებ

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში და პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეეძლებათ საქართველოში მოქმედ 4 სადაზღვევო კომპანიაში:

  • ალდაგი
  • ჯი პი აი ჰოლდინგი
  • აი სი ჯგუფი
  • არდი ჯგუფი

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში

აგროდაზღვევის 2017 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50% -ს. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

ასევე, მიმდინარე წელს გაუმჯობესდა და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და ფრანშიზის (არანაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი. ერთი და იგივე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს ამ პროგრამით განსაზღვრული წესით. მოცდის პერიოდი მოიცავს 4 კალენდარულ დღეს.

განკარგულება აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებების შესახებ