სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
დაფნის საწარმო სენაკში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, სენაკში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ლაურუსი“ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ლაურუსი“ სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, „ლაურუსი“ დაფნის წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა.
„ახალი საწარმო უზრუნველყოფს დაფნის გადამუშავების სრულ ციკლს. განხორციელებული ინვესტიცია 250,000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 150,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ საქართველოში კიდევ რამდენიმე ანალოგიური საწარმოს გახსნა იგეგმება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, რეგიონის მოსახლეობის დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა კი გადამწყვეტ როლს ასრულებს.
„საერთაშორისო ბაზრებზე დაფნა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია. სეზონზე 200 ტონა დაფნის გადამუშავებას ვგეგმავთ. პროდუქცია საექსპორტოა და რუსეთის ფედერაციაში გადის. საწარმო აშენება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის საშუალებით შევძელით. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ. ჩვენი მიზანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა”, - აცხადებს დაფნის გადამამუშავებელი საწაარმოს „ლაურუსი“ მეპატრონე ზაზა ჯალაღონია.
ახალი საწარმოების დაფინანსება და არსებულის გაფართოება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში 600-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა, 147 ახალი საწარმო შეიქმნა და 10 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა განვითარებისთვის, რის შედეგადაც, უმეტეს საწარმოებში წარმოება საგრძნობლად გაიზარდა.

12 თებერვალი