სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სააგენტომ პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ საქართველოს პარლამენტს სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მარიანა მორგოშიამ ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რასაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სოფლის მეურნეობის სტიმულირების მიზნით ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მარიანა მორგოშიას განცხადებით, მიმდინარე წელს წარმატებით მიმდინარეობდა პროექტი „დანერგე მომავალი“  და აღნიშნა რომ მისი განხორციელებისთვის მომავალ წელს 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროგრამა ხელს შეუწყობს, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. პროექტის ფარგლებში სულ  102-მდე ბენეფიციარს დაუმტკიცდა განაცხადი, სადაც სააგენტოს ჯამური თანადაფინანსება 3,963,356 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის დამსახურებაა ის, რომ უკვე გაშენდა 730 ჰა თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღი.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ასევე აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი,  დაზღვეულია 190 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 38 სხვადასხვა სახეობის მოსავალი, ჯამში 23 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე. 2014-2015 წლებში 9,934 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ასანაზღაურებელმა თანხამ დაახლოებით 14 მილიონი ლარი  შეადგინა, სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა რომ, აგროდაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე, ქვეყანაში აღნიშნული პროდუქტის წილი სადაზღვევო ბაზარზე ძალზედ მცირე იყო და დაზღვევის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა.

აგრარულ კომიტეტში ასევე მოისმინეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში  ბიზნესისათვის ფინანსურად მასტიმულირებელი პროექტების შესახებ. სააგენტო ამ მიმართულებით შეღავათიანი აგროკრედიტისა და გრანტის პროგრამებს ახორციელებს, რომლის ფარგელბშიც დაფინანსებულია 139 ახალი, ხოლო გადაირაღებულია 665 სასოფლო-სამეურნეო საწარმო.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიმდინარე პორტფელი შეადგენს 10,359 სესხს ჯამური ღირებულებით 237,049,266 ლარი და 105,831,142 აშშ დოლარი. სულ პროექტის ფარგლებში გაცემულია 25,290 სესხი ჯამური ღირებულებით 644,893,796 ლარი და 165,682,815 აშშ დოლარი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 128 ახალი საწარმო. მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 5 ახალი საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 2014-2015 წლებში ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან დამტკიცებულია 28 პროექტი, ჯამური ღირებულებით 18,854,821 აშშ დოლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 7,006,810 აშშ დოლარს. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 11 ახალი საწარმო.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა ასევე აღნიშნა რომ 2015 წელს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში შევიდა ცვლილება და დაემატა ახალი კომპონენტი, შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსება რომელიც ითვალისწინებს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობას და მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას, რაც ფერმერებისათვის  მოსავლის დასაწყობებისთვის დამატებით ინფრასტრუქტურას შექმნის;

ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში შევიდა ცვლილება და დაემატა სპეციალური პირობა რომელიც დამატებით სტიმულს მისცემს თიანეთის, ყაზბეგის, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, შუახევის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს; ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დასაშვებია ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება სპეციალური პირობების შესაბამისად, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ღვინის მწარმოებელი საწარმოს თანადაფინანსება. აღნიშნული რაიონები შეირჩა მათი ეკონომიკურად დაბალი აქტივობის გამო, ამ რაიონებისთვის სააგენტომ გაზარდა თანდაფინანსების წილი და შეამცირა პროექტის მინიმალური ჯამური თანხის ოდენობა.

პარლამენტარებმა სააგენტოს დირექტორისგან ასევე მოისმინეს ინფორმაცია  მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ, რომელიც უკვე მე-3 წელია წარმატებით ხორციელდება. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება.

მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სარგებელი გამოყოფილი იყო 767,018 ბენეფიციარისთვის. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა  მიიღეს 47,512,113 ლარის ღირებულების სარგებელი ნიადაგის ხვნისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახით. პროექტის ფარგლებში 2015 წელს ჯამში დამუშავდა 220,558 ჰა მიწის ფართობი.

აგრარულ კომიტეტზე ყურადღება გამახვილდა ასევე სეზონურ პროგრამებზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს: არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა რომელიც გასულ წელს დაიწყო სააგენტომ და წელსაც წარმატებით ხორციელდება, ასევე არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა რომელიც 2014 წელს განხორციელდა.სამომავლო გეგმებზე საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სააგენტო 2016 წლის დასაწყისიდან გეგმავს და რომლის უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.

საკომიტეტო მოსმენას საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

24 დეკემბერი