სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ახალი ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში, ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „მანნა“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 871,058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 348,423 ლარი გრანტია, ხოლო 435,529  ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან  ერთად, საწარმოს ესტუმრა და ადგილზე სამუშაო პროცესს გაეცნო. საწარმოში წელიწადში 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებლებს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.  გადამამუშავებელ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიაში, გასულ წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 186 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.  

09 თებერვალი