სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სამეგრელოში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შპს „მეგრულმა თხილმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი და საშრობი საწარმო შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, USAID-ის მისიის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორთან ვერონიკა ლისთან და სამეგრელოს გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერილიასთან ერთად გახსნა. შპს „მეგრული თხილის“ საწარმო სოფელ დარჩელში მდებარეობს და წლიურად 1000 ტონა თხილის გარჩევა, გაშრობა და დასაწყობებაა შესაძლებელი. საწარმოში 16 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 862,440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 344,976 ლარი გრანტია, ხოლო 116,528 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანიამ ასევე მიიღო AgriGeorgia/Ferrero-სა და USAID- ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ფინანსური მხარდაჭერა და ყოველწლიურად მოემსახურება დაახლოებით 500 ფერმერს სამეგრელოს რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანიამ საერთაშორისო სტანდარტი HACCP აიღო. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში შეიქმნა 22 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უკვე დაფინანსდა 175 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. 

23 სექტემბერი