თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „იბერია ფრუიტს“ შეიქმნა 2016 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით. შპს „იბერია ფრუიტსი“ ყიდულობს ხილს 30-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, ხოლო მთლიანობაში საქართველოს მასშტაბით 120 ფერმერამდე აწვდის კომპანიას ხილს. კომპანიაში დასაქმებულია 14 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 110-120 ტონა სხვადასხვა სახეობის მშრალ პროდუქტებს, ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ძირითადად საზღვარგარეთ. 2017 წლის იანვარში, ბრიტანულმა კომპანიამ „Lloyd’s Register Assurance Quality“ შპს „იბერია ფრუიტს“ მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.
მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „იბერია ფრუიტს“ შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.
USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 13 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.