სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
შალოშვილის მარანი

ალექსი შალოშვილი კახეთში,  სოფელ შილდაში ცხოვრობს მამა-პაპისეულ სახლში.  როგორც თვითონ ჰყვება სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობა ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, განათლება სასოფლო ინსტიტუტში მიიღო ჰიდრო-მელიორაციის ფაკულტეტზე, მისი განმარტებით ის 2 წელი აბარებდა მეღვინეობის ფაკულტეტზე. მართალია საბოლოოდ სხვა ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სულით  ნამდვილ მეღვინედ დარჩა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის განაწილებით მოხვდა მევენახეობის ბრიგადირად კახეთში, ღიმილით იხსენებს, რომ პირველივე წელი ძალიან წარმატებული გამოდგა და მისი ბრიგადირობისას დაიკრიფა  მოსავლის ძალიან დიდი რაოდენობა - 13 000 ტონა  ყურძენი.  შემდეგ გახდა მევენახეობის განყოფილების გამგე და მთავარი აგრონომი. სიამაყით ყვება,  რომ  მისი აგრონომობის პერიოდში ებარა 1700 ჰექტარი ვენახი.

1999 წელს გააშენა პირველი ვენახი 3 ჰექტარ მიწის ფართობზე  და შემდეგ დროთა განმავლობაში ვენახის ფართობი 15 ჰექტარამდე გაზარდა. აღნიშნავს, რომ მის ოჯახში ყოველთვის იყო ქვევრი და მცირე ზომის მარანი. სიამაყით იხსენებს 2009 წელს, როდესაც მან  მიიღო მონაწილეობა  „ოჯახში დამზადებული ღვინოების ფესტივალზე“ ბათუმში და 2005 წელს მის მიერ წარმოებულმა ღვინომ  ოქროს მედალი მოიპოვა , მისთვის ეს იყო ბიძგი იმისათვის  რომ სერიოზულად გაეგრძელებინა საქმე რომელსაც აკეთებს და რომელიც უყვარს.     

 ბატონი ალექსი ყოველთვის ფიქრობდა ახალი მძლავრი მარნის გაკეთებაზე და 2013 წელს  „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ შესახებ ტელევიზიით შეიტყო, დიდხანს არ უფიქრია მივიდა ბანკში დაწერა პროექტი და სესხიც მიიღო.

შეღავათიანი აგროკრედიტის აღებამდე მარანი აწარმოებდა მშრალ ღვინოს ისიც მცირე მასშტაბებით, თუმცა ტკბილი ღვინის, მაგალითად  ქინძმარაულის, წარმოება ვერ ხერხდებოდა, რადგან ტკბილ ღვინოს ესაჭიროება სამაცივრე მეურნეობა, რაც შალოშვილებს არ გააჩნდათ. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ დახმარებით შეიძინეს ჩამოსასხმელი დანადგარი და ასევე მაცივარი რომლის დახმარებითაც მარანი უკვე აწარმოებს ტკბილ ღვინოს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ გარდა 2015 წელს ბატონი ალექსი ჩაერთო აგროდაზღვევის პროგრამაშიც, მისი განცხადებით 2015 წელს მისი ვენახი დაისეტყვა, თუმცა დაზღვევამ მას  ზარალი აუნაზღაურა და ეს თანხა მას დაეხმარა ვენახის შუაგულში მდებარე სასტუმროს გაფართოვებაში. სასტუმრო საოჯახო ტიპისაა სადაც ტურისტს შეუძლია მივიდეს, მოისვენოს, დააგემოვნოს ღვინო და ივახშმოს.

განსაკუთრებული სითბოთი ჰყვება მარანში არსებულ  რამოდენიმე  „ისტორიულ“ ჯოხზე რომლითაც ხდება ქვევრში ღვინის მორევა. ეს  ჯოხები არის 25-30 წლის,  მამამისის დანატოვარი, შემოდგომის მოსვლისთანავე როცა ამ ჯოხით ღვინის მორევის დრო დგება, ისეთი გრძნობა აქვს თითქოს მამაც იქ არის და მასთან ერთად ხარობს ოჯახის წარმატებით.

იგი 2 შვილის მამა და როგორც თვითონ ამბობს შვილიშვილების ნამდვილი პაპაა. უხარია რომ მისი შვილები ჩართულები არიან მამისეულ საქმეში და აღნიშნავს რომ  ყველა ძირეული გადაწყვეტილებების მიღება შვილების უშუალო ჩარევით და მათი სურვილების გათვალისწინებით ხდება.

მომავალს დიდი იმედით უყურებს და ფიქრობს საკუთარი წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაზე. აღნიშნავს რომ უდიდესი სურვილი აქვს მომავალ თაობებს უფრო გალამაზებული და გამართული მემკვიდრეობა დაუტოვოს.

13 მარტი