სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
კასპი როგორც მეფრინველეობის კერა

გივი დემეტრაშვილი ძირძველი კასპელია, მუდამ ფიქრობდა, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო კასპისა და მთლიანად საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. როგორც თვითონ იხსენებს, ახალგაზრდობიდანვე იტაცებდა სოფლის მეურნეობა და თავისი თავი სხვა სფეროში ვერასდროს წარმოედგინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, კასპში ჰოლანდიური ძროხების ფერმა აეშენებინა, სამწუხაროდ, ამ წამოწყებამ არ გაამართლა და იძულებული გახდა ეს საქმე მიეტოვებინა. თუმცა, წარუმატებლობა დიდი წარმატების საწყისი აღმოჩნდა. 

აღნიშნავს, რომ ძალიან ადარდებდა იმ შენობა-ნაგებობების ბედი, რომლებიც წინა საქმიანობიდან შემორჩა, რამდენიმე წელში თუ არ გაამაგრებდა ისინი გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდებოდა. სწორედ ამ დროს 2013 წელს მეგობრისგან შეიტყო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ შესახებ და მაშინვე გადაწყვიტა მისი დახმარებით მეფრინველეობის ფერმა აეშენებინა.  ღიმილით აღნიშნავს რომ მისი ორივე შვილი მისი თანამოაზრე აღმოჩნდა და ერთად ჩაებნენ საქმეში, გაამაგრეს ფერმის შენობა და მოაწყვეს ინფრასტრუქტურა. 

მოხარულია, რომ მეფრინველეობის ფერმა გამართლებული იდეა იყო, რადგან მცირე დროში შეძლო ადგილობრივ ბაზარზე გასვლა. როგორც აღნიშნავს, მუდამ აწუხებდა ის ფაქტი, რომ კასპისა და საქართველოს მოსახლეობა უცხოური წარმოების პროდუქტს მოიხმარდა, რადგან სჯეროდა რომ საქართველოშიც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ფერმა, რომელიც მოსახლეობას ადგილობრივი პროდუქციით მოამარაგებდა. ამჟამად ადგილობრივ ბაზარს ამარაგებენ კვერცხითა და ქათმის ხორცით. სჯერა რომ მის მშობლიურ კასპში მეფრინველეობის მიმართულებით უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება და კასპის როგორც მეფრინველეობის კერად გადაქცევა სურს.

მისი საუბრიდან ჩანს რომ თავმდაბალი ადამიანია, თუმცა სიამაყეს ვერ მალავს, როცა მის საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებზე ვეკითხებით. ამბობს რომ დასაქმებული 15 ადამიანის უკან 15 ოჯახი დგას და მათთვის ფერმაში ყოველდღიური მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.  ასევე ამაყია შვილებით, აღნიშნავს, რომ მისი შვილები თბილისიდან კასპში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა მამას გვერდით ედგნენ და ოჯახური საქმე გააგრძელონ. 

მისი თქმით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის წამოწყებასა და განვითარებას. საწარმოში განხორციელებულია 92 000 ა.შ.შ დოლარის სრული ინვესტიცია, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა შეადგენს 77 000 ა.შ.შ. დოლარს. 

ახალმა საქმემ მომავლის რწმენა მისცა და უნდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ახლა ცდილობს, უკვე არსებულ ფერმაში ინფრასტრუქტურა უკეთესად მოაწყოს და საწარმო ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვოს. ამასთანავე, მეფრინველეობაში წარმატებამ სტიმული მისცა ახალგაზრდობაში მიმალული ოცნებები გაეღვიძებინა და მომავალში აპირებს კასპში ვაშლის ბაღები გააშენოს, რისთვისაც ისევ გეგმავს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტებით ისარგებლოს, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალებით ამას ვერ გასწვდება. დიდი ენთუზიაზმითა და იმედის თვალით უყურებს მომავალს, რადგან შრომა არასდროს ეზარებოდა, ზურგს კი დიდი ოჯახი უმაგრებს.

13 მარტი